გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა დეკანოზი ილია ჭიღლაძე. მისი თქმით, წარმოდგენილ „კომპიუტერულ-ვირტუალურ პროექტს თავისუფლად უნდა ეწოდოს სამარცხვინო“.
დეკანოზის თქმით, ალავერდის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსში ბოლო წლებში შესრულებული მშენებლობებიდან ზოგიერთი მართებული იყო, ზოგი კი თვითნებური ახალმშენებლობაა, რომელმაც, მისი აზრით, დაამახინჯა და შეცვალა კომპლექსის ვიზუალური სახე და აღქმა.
„კერძოდ, ესაა: ახალი დიდი საცხოვრებელი სახლი გალავნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ძველი საეპისკოპოსო სახლის მინაშენები ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, დაბალი გალავნებით (ქვის ღობეებით) ეზოს პერიმეტრის დაჩეხვა, ეზოში ბაღ-ვენახის გაშენება, რითაც თავისუფალი სივრცე და კათედრალის ჯეროვანი და მასშტაბური აღქმა გართულდა. ამ მშენებლობებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ნებართვები არ არსებობს (როგორც ვიცი) და ეს ბუნებრივიცაა. ანუ ალავერდში მიმდინარეობს უკანონო მშენებლობები.
„დღეს წარმოდგენილი მასშტაბური „სარეაბილიტაციო“ პროექტის ვირტუალური ვიდეორგოლი უფრო რეკონსტრუქცია-მშენებლობებია, ვიღაცის პირადი გემოვნებით, ვიდრე რეაბილიტაცია-რესტავრაცია ისტორიული კომპლექსისა“.
ალავერდი კარგავს იმ სივრცეს და დიაპაზონს, რაც გააჩნდა ოდითაგან და ვიღაცის აგარაკს, თუ ბაღ-ვენახს ემსგავსება, ესაა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის წარმოუდგენელი მასშტაბის დამახინჯება და ცვლილება:
- ყოვლად მიუღებელია ნართექსის (დასავლეთი მინაშენის) პროექტისეული ვერსია, რადგან ის სრულიად უცვლის და უკარგავს მას არსებულ ისტორიულ სახეს და პროპორციებს;
- მიუღებელია კათედრალის მთელი სახურავის ფირუზისფერი გადაწყვეტა, რაც გულისხმობს ალბათ არსებული ძველი ლორფინის აყრას, (ან შეღებვას - კომპიუტერულ ვერსიაში ფორმა ლორფინის აქვს, ფერი ფირუზისფერი ჭიქურის). შესაძლებელია და სასურველი გუმბათის მოგვიანო ხანის, შეუფერებელი თუნუქის სახურვის შეცვლა ფირუზისფერი ჭიქურით (რომლითაც უნდა ყოფილიყო მე-11 საუკუნეში ტაძარი მთლიანად, თუ ნაწილობრივ გადახურული). შესაძლებელია ასევე ჭიქურის გამოყენება ნართექსის გადასახურად, ტაძრის ძირითადი ნაწილის ლორფინი კი, ვფიქრობ, შესანარჩუნებელია, როგორც ტაძრის გვიანი პერიოდის ორგანული ნაწილი.
- დაუშვებელია წარმოდგენილი პროექტისეული ეზოს „გატყიურება“ და პარკად, თუ ბაღ-ვენახად ქცევა, ეზო უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე (მინდორი), რათა კათედრალური ტაძრის ფასადები და პროპორციები კვლავ თავისუფლად იკითხებოდეს, როგორც ეს ახალმშენებლობების დაწყებამდე იყო;
- მე-19 საუკუნეში პირწმინდად დანგრეული სამხრეთის და ჩრდილოეთის მინაშენების (კარიბჭე-ეკვდერების) აღდგენა სპეციალისტთა დიდი მსჯელობის და კონსესუსის შედეგად უნდა მოხდეს და მე პირადად, ამის გარეშე გამიჭირდება პროექტის ვერსიის მოწონება;
- ფეიქარ-ხანის სასახლესთან არსებული ნანგრევები დიდი სიფრთხილით უნდა აღდგეს, რომ არ შემოიტანოს დისონანსი კომპლექსის ჰარმონიაში. წარმოდგენილი კომპიუტერული ვერსია კითხვას ბადებს: ხომ არაა შენობის მასშტაბები გადიდებული“, - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
შენიშვნებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ ვიდეორგოლში ასახული რეაბილიტაციის იდეის შესახებ წერილობითი დასაბუთება მომზადდება. მისივე თქმით, ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაა და შესაძლოა ის ვერ ასახავს იმ სამუშაოებს, რაც დაგეგმილია.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 10 დეკემბერს სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც კომპანია RMG 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის: ფიტარეთის ეკლესიის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდის, შუამთისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთვება. 4 წლიანი პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების 1 700 000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.