როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ფორუმს ევროკავშირის 32 წევრი ქვეყნიდან 300-მდე სტუმარი დაესწრება. მისივე თქმით, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისთვის, მისი მემკვიდრეობის გაცნობისა და ფორუმში მონაწილე ქვეყნებთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
„გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ EPA-ის ბიურო გეგმავს ახალი ინიციატივის - „ქვეყნებში კულტურული მარშრუტების რუკების“ შემუშავებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდება კულტურული მარშრუტების შესახებ კვლევა და რუკის შემუშავება - მეფინგი.
ეს არის კულტურული მიმართულებით საქართველოს ნამდვილი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში, როდესაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობები სრულად იქნება დატანილი ევროპის კულტურულ რუკაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელსაც ჩვენ ახლა ვდგამთ და დარწმუნებული ვარ, ევროპა აბსოლუტურად აღიარებს იმას, რომ საქართველო თავისი კულტურით ჭეშმარიტად არის ევროპის ნაწილი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.