„ილიასეული სასამართლო შენობის მდგომარეობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, უკიდურესად მძიმეა არასათანადო მოპყრობის გამო. ვითხოვთ: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დაუყოვნებლივ გაფორმდეს ძეგლის მესაკუთრეებთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება; ამოქმედდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შენობის დაცვის მიზნით, მათ შორის პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებით; დაიწყოს შენობის გადასარჩენად ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დიალოგი და რეალური ქმედითი ღონისძიებების გატარება“, – აღნიშნულია პეტიციაში.
დუშეთში, ჭავჭავაძის 25–ში მდებარე სასამართლოს ყოფილი შენობა, რომელიც მე–19 საუკუნეშია აშენებული, სანაგვედ და საქონლის თავშესაფრად არის ქცეული. ილიას „სამუშაო ოთახში“ და სასამართლოს დარბაზში ბოსელია. შენობა ინგრევა. ძეგლი კერძო საკუთრებად რამდენიმე წლის წინ დარეგისტრირდა და ამჟამად რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს.