weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი კვირიკაშვილმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა

16:50 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთს და კონკრეტულად თელავს, ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და კულტურული სივრცე შეემატა.

„როგორც მითხრეს, რამდენიმე ათეული ათასი, მაქსიმუმ 70-80 ათასი ტურისტი ჩამოვა ამ ახალ მუზეუმში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი იქნება ასეულობით ათასი, გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეშია დაცული და ასევე, გამომდინარე თელავის სტუმართმოყვარეობიდან, იმ უამრავი, უმდიდრესი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლიდან, რომელიც აქ არის, იმ ახალი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც შეიქმნა ამ ძეგლების მიმდებარედ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მუზეუმის გახსნით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ერეკლე მეფის ხსოვნას, რომლის სახელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უკავშირდება.

„დღევანდელი დღე, ყველაზე მეტად ალბათ არის ერეკლე მეფისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი დღე. იგი გახლდათ მეფე, რომლის მთელი ცხოვრებაც იყო არჩევანი - 15 წლის ასაკიდან მოყოლებული, როდესაც მან გაუძლო უდიდეს ზეწოლას ნადირ შაჰის მხრიდან. მიუხედავად ამ ზეწოლისა, მეფე თეიმურაზის შემდეგ იყო მეორე მეფე, რომელიც ქრისტიან, მირონცხებულ მეფედ მოევლინა საქართველოს. იგი იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება. იგი იყო მეფე, რომელმაც გააკეთა ურთულესი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა, რომ საქართველოს, ქართველი კაცის სულიერი ბუნების დედაბოძი იყო ქრისტიანობა და როგორც კი ეს დედაბოძი დაინგრეოდა, საქართველოს იდენტობა გაქრებოდა დედამიწის ზურგიდან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ უდიდეს მეფეს და ჩვენთვის ათმაგად სასიხარულოა ამ ახალი, ულამაზესი მუზეუმის გახსნა, აქ, ბატონის სასახლეში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბატონის მუზეუმის მშენებლობა რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ფარგლებში ასევე კეთილმოეწყო ტერიტორია, როგორც მუზეუმის, ასევე ბატონის სასახლის მხარეს. მუზეუმში გაკეთდა მთავარი საგამოფენო დარბაზი, რომლის სივრცეშიც გამოფენილია: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, საბრძოლო აღჭურვილობის ნიმუშები, ხელნაწერები და რარიტეტული გამოცემები. ასევე, მოეწყო დროებითი საგამოფენო სივრცე და გალერეა.

ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონ ლარამდეა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]