„სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა მომხდარის ადგილზე შესწავლის შედეგად ნგრევის მიზეზი დაადგინა. კოშკის რეაბილიტაცია XX საუკუკუნის 80-ანი წლების დროს განხორციელდა. ხანდაზმულობისგან ამორტიზებულ კედელს, რომელიც ტრადიციული მშრალი წყობითაა ნაშენი, თან დაერთო ბოლო დღეების ინტენსიური ნალექი, რამაც მდგომარეობა დაამძიმა, საბოლოოდ კი მისი ნგრევა გამოიწვია. ამჟამად გადარჩენილია კედლის მეოთხედი. არასახარბიელო მდგომარეობაა ხუროთმოძღვრული კომპლექსის სხვა სეგმენტებზეც, რაც ათწლეულების წინ არასწორი მეთოდით მოწყობილი ბანიანი სახურავების მიზეზითაა გამოწვეული. სახურავიდან კედლებზე დადენილი ნალექი ტემპერატურის ცვალებადობის დროს ფიქალის ქვებს ასუსტებს და იწვევს მათი სიმკვრივის მოშლას“,- აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.
შატილში N6 კოშკის დასავლეთის კედელი 23 მაისს ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოსალოდნელია სამხრეთის კედლის ჩამონგრევაც. საფრთხე ექმნება მის გვერდით მდებარე კოშკსაც.
შატილი დუშეთის რაიონში, პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. საუკუნეების განმავლობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.