weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შატილში ერთი წლის წინ ჩამოშლილი კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

16:35 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018
კოშკი აღდგენამდე და აღდგენის შემდეგ კოშკი აღდგენამდე და აღდგენის შემდეგ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შატილში, ერთი წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქლის ქვის მშრალი წყობით აღდგა.

ჩამოშლილი კედლის აღდგენის სამუშაოებს კომპანია „გრინველის“ სეციალისტები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებდნენ.

„სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში დაზიანებული კოშკი მთლიანად გაიწმინდა ნაშალი ქვისა და ჩახერგილობისაგან. რესტავრატორების მიერ დაიშალა კოშკის დაზიანებული კედელი, ჩამოყრილი ქვები კი გადაირჩა და დასაწყობდა. გაწმენდილ სამუშაო ადგილზე მოეწყო სახურავის დროებით დამჭერი ხის სივრცული ძალოვანი ხარაჩო, რომელმაც კოშკის სახურავი და მისი შენარჩუნებული კედლის წყობა ზამთრის განმავლობაში შემდგომი კონსტრუქციული რღვევისგან დაიცვა. ნადენი წყლისგან დაზიანებული საძირკვლის გრუნტი დამუშავდა, სადაც მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველი მოეწყო. ჩამოშლილი კედლები თანაბარწილად აღდგა ახალი და ძველი სიპი ფლეთილი ქვების გამოყენებით. ახლად მოეწყო ხის სართულშუა გადახურვა. აღდგა კოშკის ხის კიბე, ბაქანი და მოაჯირები“, - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნის თანახმად, კოშკის ჩამოშლის მიზეზი მეზობლად მდებარე კოშკის სახურავის სადინარი მილი გახდა, რომლიდან ნადენი ნალექი მის საძირკველზე იყო მიმართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შატილის მცხოვრებლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მათი მოვლა-პატრონობის საქმეში სათანადო ინიციატივის გამოჩენას სთხოვს.

შატილის ციხე–სოფელი შუასაუკუნეების ძეგლია. კომპლექსი 60–ზე მეტ კოშკს აერთიანებს. მდებარეობს მდინარე არღუნის და შატილისწყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, თბილისიდან 160 კილომეტრში, ჩეჩნეთის საზღვართან.

შატილის კოშკები 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.

 

ამ თემაზე:

შატილი საფრთხეშია!

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]