BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა 1-ელ სექტემბერს გამოცხადდება. კინოფესტივალი 16 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია" (რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. გახსნის ცერემონიაზე ასევე დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის - ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.
უფასო კინოჩვენებები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
კინოთეატრი „აპოლო“
სასტუმრო „უინდჰემის“ საკონფერენციო დარბაზი
„კინოჩვენებები ღია ცისქვეშ“ ერას მოედანზე
კინოფესტივალის პროგრამა:
პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან: საერთაშორისო კონკურსი (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი), რეტროსპექტივები, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
2018 წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან
კინოფესტივალის პრიზები:
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი;
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი;
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი;
კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის - ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის;