weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უჯარმის კომპლექსზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო

11:42 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით უჯარმის ციხე-ქალაქის კომპლექსზე ფართომასშტაბიანი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების პროცესი დაიწყო.

რეაბილიტაციის I ეტაპი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნაყარი მიწის ფენისაგან  კომპლექსის ციტადელის გაწმენდას, მისი ცალკეული არქიტექტურული სეგმენტების კონსერვაციასა და ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობას მოიცავს.

სააგენტოს ინფორმაციით, გალავნის შიდა და მიმდებარე სივრცეებზე გრუნტის მოხსნის პროცესი მუდმივი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კულტურული ფენების დაზიანებას გამორიცხავს.

ციტადელი, სადაც გალავნის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნადაა მორღვეული, ხოლო რიგ შემთხვევებში კი მთლიანად დანგრეული, ძალოვანი ხარაჩოების მოწყობისა და სათანადო შურფების გაკეთების გზით, გეოლოგიურად გამოიკვლევა. ძეგლის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გეოლოგიური კვლევის საფუძველზე არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ ერთობლივად განისაზღვრება ყველა საინჟინრო-კონსტრუქციული გადაწყვეტა და კომპლექსში შემავალი დაზიანებული ნაგებობების რესტავრაცია-კონსერვაციის მეთოდოლოგია.

არქიტექტურული სეგმენტების გაწმენდისა და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, ციხე-ქალაქის ციტადელზე ვიზიტორებისთვის მოაჯირები და გადასახედები დამონტაჟდება. ახლად გამოვლენილ სიმაღლეებზე კი ლითონის საფეხურები და ფლეთილი ქვის ბილიკები მოეწყობა, რომელთა პარამეტრები სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას პროექტის ავტორების მიერ განისაზღვრება. ციტადელის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია ველური ხის მასებისგან გაიკაფება, რაც ვიზიტორებს უჯარმის კომპლექსის სივრცული აღქმის მეტ საშუალებას მისცემს. 

ციხე-ქალაქის სარესტავრაციო-საკონსერვაციო პროექტი საშუალოვადიანია და ის სავარაუდოდ 2022 წლისთვის დასრულდება. შპს „იკორთა 2007“-ის მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციისა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე უჯარმის კომპლექსზე ფიზიკურ სამუშაოებს შპს „ისტორიულ ძეგლთა რეაბილიტაციის ცენტრი“ ახორციელებს.

ისტორიული ცნობების მიხედვით უჯარმა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიქმნა და იმ დროისთვის ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრს წამოადგენდა. უჯარმის ციხის აღმშენებლობა და განვითარება ძირითადად მეფე ვახტანგ გორგასალის სახელთანაა დაკავშირებული.

არქიტექტურული კომპლექსი რთულ რელიეფზე  3 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. ის ორი ძირითადი ნაწილისგან - ციტადელისა (ზედა ანუ დედაციხე) და ქვედა ციხისგან შედგება. ციტადელი მეფეთა სასახლეს, ჯვარპატიოსნის სახელობის კარის მცირე ეკლესიას, მარანსა და წყალსაცავს აერთიანებს და ოთხკუთხა მასიური კედლების მქონე გალავნითაა შემოსაზღვრული. გალავნის კედლებზე  სიმეტრიული დაშორებითაა განთავსებული სწორკუთხა კოშკები. ციხე-ქალაქი ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვედა ციხეს თითქმის თავდაპირველი იერსახე აქვს შენარჩუნებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]