weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იტალიაში მთის ხალხის ფესტივალი სვანეთს მიეძღვნება

16:23 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

18 აგვისტოს, იტალიის ქალაქ ბრუნეკში, რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში მთის ხალხის ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი სვანეთს და მის კულტურას მიეძღვნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, შესრულდება სვანური სიმღერები, გამოიფინება სუვენირები და სტუმრებს სვანური კერძების დაგემოვნება შეეძლებათ. ღონისძიების მიზანი მესნერის მთის მუზეუმებში სვანური კულტურის პოპულარიზაციაა.

„მსოფლიოს  ყველა დროის ყველაზე დიდი მთამსვლელი რეინჰოლდ მესნერი ყოველ წელს ატარებს რომელიმე მთის ეთნოსის დღეს. ხვალ სვანეთის და სვანების დღეა. მესნერს სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჰყავს მოწვეული, ძირითადად მთაში მცხოვრები ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი რეგიონების განვითარებას უწყობენ ხელს“, - უთხრა „რეგინფოს“ მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმა.

მისივე ინფორმაციით, უშუალოდ მესნერის მიწვევით, ბრუნეკში ვახტანგ ფილფანი, ბესარიონ ნიჟარაძე და ფიქრია ზურებიანი იმყოფებიან. ფესტივალში მონაწილეობს ქართული ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“.

„ვახტანგ ფილფანი სვანური საკრავების დამზადების პროცესს აჩვენებს, ბესარიონ ნიჟარაძე - სუვენირებს დაამზადებს, ფიქრია ზურებიანი კი სვანურ ქუდებს გააკეთებს. გარდა ამისა, ის ადგილობრივ მზარეულთან ერთად ტრადიციულ სვანურ კერძებს მოამზადებს. მთელი დღის განმავლობაში ანსამბლი „რიჰო“ სვანურ სიმღერებსა და საგალობლებს შეასრულებს. მთავარი კონცერტი კი საღამოს 7 საათზე დაიწყება და გვიანობამდე გაგრძელდება“, - ამბობს ზაურ ჩართოლანი.

ქალაქ ბრუნეკში, რესტავრირებულ ციხესიმაგრეში განთავსებული მთის მუზეუმი ერთ-ერთია რეინჰოლდ მესნერის მიერ ალპებში, სხვადასხვა ადგილზე გახსნილი ექვსი მუზეუმიდან. ეს მუზეუმი 2011 წელს გაიხსნა და მისი თემა მთის ხალხია.

აღსანიშნავია, რომ რეინჰოლდ მესნერი წელს საქართველოშიც იმყოფებოდა. ის მესტიაში „კავკასიის მთის ცენტრის“ აშენებას აპირებს. მთამსვლელის თქმით, „კავკასიის მთის ცენტრი“ მისი მუზეუმების ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.

რეინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა. მესნერი ასევე პირველი ადამიანია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. 74 წლის რეინჰოლდ მესნერს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. 1999-2004 წლებში მესნერი ევროპარლამენტის წევრიც იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]