weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე

12:13 ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი 2018

9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებაზე სიტყვით ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე გამოვიდა, რომელმაც საქართველოს ისტორიაზე, კულტურასა და მწერლობაზე ისაუბრა.

აკა მორჩილაძის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

„მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ვიმყოფები, ის არის, რომ ჩემი საკმაოდ გაუბედავი ხმა შევაწიო კულტურას, რომელსაც წილად ხვდა პატივი, რომ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე ყოფილიყო დღეს წარმოდგენილი.

არსებობს დავიწყებული კულტურები, არსებობს ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად სჭირდება ვინმეს იმიტომ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის.

მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21- საუკუნემდე. ეს ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია, განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ ორი სიტყვა.

ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა სამყაროს უმრავლესობისთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვს - „რაღაცა“. რაღაცასვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტორაღაცაარ არის ჩვენთვის იმიტომ, რომ სიცოცხლესაც ნიშნავს.

აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობას სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა. ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას.

ასეთი ისტორიაა საერთოდ, ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. საერთოდ, თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ ჩვენი კულტურა.

მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ - 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და რა - არა.

როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს. აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც V საუკუნის ამბავია აღწერილი, (ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს) ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროში მაშინაც და ახლაც. სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია V საუკუნეში.

ეს არის მოთხრობა ქალსა და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა.

ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები. ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს ან ერს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, თქვენ ჩვენსას საერთოდ ვერ კითხულობთ. ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.

საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ - არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რაღაც არაბული, სპარსული, სომხური...

ჩვენ აი ამ ამბანით ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი, დაჯდომა, ფიქრი. ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე, უცბად.

უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე. ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია - დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.

ნუ, სტანდარტია ასეთი. პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაცაა - კიდევ უფრო მაღალია.

სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს, გადმოწერს, გამოიცნობს და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.

პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ... აი, 20-საუკუნოვანი ლამის აბსოლუტური მონარქიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და ერთი საოცარი ამბავია, შექსპირზე თეორიები, რომ არის, რომ ვიღაც ლორდები იყვნენ, წერდნენ შექსპირის მაგივრად და მალავდნენ იმიტომ, რომ სირცხვილი იყო. საქართველოში ჩვენ გვყავს მრავალი მეფე, რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია. ჩვენ ისინი შემოგვრჩნენ თავიანთი პოეზიით და მათი პირველი სახელი არის პოეზიით და არა პოლიტიკით.

საქართველოს გაცნობა, რა თქმა უნდა, შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე.

ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა, ჩვენი ოცნებაცაა და ა..

ახლა, ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვნენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები, მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.

როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს. ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას მოერიდოს. მაგრამ აი, ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხარით, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, საქართველოში მწერალი მაინც რჩება გამორჩეულ ფიგურად. ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]