weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსეთის დუმა მთავრობას ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვაზე დღეს მიმართავს

10:58 სამშაბათი, 09 ივლისი 2019

რუსეთის სახელმწიფო დუმა დღეს, 9 ივლისს მთავრობას მიმართავს, აკრძალოს ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი, ასევე ფულადი გადარიცხვები საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინადადებით გუშინ ფრაქცია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი, სერგეი ნევეროვი გამოვიდა. მის წინადადებას მხარი დაუჭირეს „სამართლიანი რუსეთის“, „კომუნისტური პარტიის“ და „რუსეთის ლიბერალური დემოკრატიული პარტიის“ ფრაქციებმა.

ამ წინადადებას მხარს უჭერს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტიც. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, თუ მთავრობის შეთავაზება იქნება უფრო ხისტი ზომების მიღება ვლადიმერ პუტინის მისამართით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ გაკეთებულ უცენზურო გამონათქვამებზე, დეპუტატები ამასაც დაუჭერენ მხარს.

სლუცკის განცხადებით, ასეთ შემთხვევებში „საჭიროა მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება და ხელებში ჩარტყმა“, რათა იგივე არ განმეორდეს არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება საქართველოში ფულად გადარიცხვებს, რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებზე, ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ ეცდება შენარჩუნდეს „ჰუმანიტარული“
 გადარიცხვები, რომლებიც დაკავშირებულია პენსიებთან და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებასთან.

გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს, გადაცემა „P.S.“ რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა გინებით მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იმ დღესვე გაემიჯნა გაბუნიას გამოხატვის ფორმას, მეორე დღეს კი ამ საკითხზე ტელეარხის თვითრეგულირების ორგანომ იმსჯელა და ტელეწამყვანს უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა.

გაბუნიას განცხადებები დაგმეს ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარდა, გაბუნიას განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების შეფასებით, „რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს „არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარს განიხილავენ, როგორც „საქართველოს რადიკალური ძალების კიდევ ერთ აშკარა პროვოკაციას, რომელიც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ძირის გამოსათხრელად“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]