weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნამახვანჰესის ხელშეკრულების განხილვა ოპონენტებმა ჩაშალეს – ეკონომიკის სამინისტრო

21:43 პარასკევი, 12 მარტი 2021

„ამ სამწუხარო ფაქტის მიუხედავად, მთავრობის შესაბამისი უწყებები, კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მზაობას, რომ შედგეს დიალოგი, მოხდეს ყველა პრობლემური საკითხის სპეციალისტებისა და ექსპერტების დონეზე დეტალური განხილვა, ასევე, მსჯელობა იმ მნიშვნელოვან, ახალ ინიციატივებზე, რომლებიც დღეს „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა“, – აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო მას შემდეგ, რაც ნამახვანჰესის შესახებ რიონის ხეობის მცველებისა და პროექტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მონაწილეობით ქუთაისში განხილვა ჩაიშალა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, განხილვა მთავრობის ოპონენტების გადაწყვეტილებით არ შედგა.

„როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც სამუშაო ფორმატში, ექსპერტებისა და კონკრეტული მიმართულების სპეციალისტების ჩართულობით, უნდა მომხდარიყო „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების დეტალური განხილვა.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებში გახმიანდა რამდენიმე, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებიც გულისხმობს: ძირითადი კვლევების ხელახალ გადამოწმებას და საბოლოო დასკვნების მიღებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის შეჩერებას, რიონის ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდის შექმნას, „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელად ქართველი დირექტორის დანიშვნას, ასევე ჰესის ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭოს შექმნას ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართულობით.

მიუხედავად ამ ინიციატივებისა და მზაობისა, რომ სპეციალისტებთან, ენერგეტიკოსებთან, გარემოს დამცველებთან ერთად მომხდარიყო ჰესის ხელშეკრულების ძალიან დეტალური განხილვა, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა ჯერ კიდევ ცაგერში გასულ კვირას ვიზიტისას განაცხადა, სამუშაო ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა ოპონენტების გადაწყვეტილებით, ჩაიშალა და გავრცელდა არასწორი ინფორმაციები სხვადასხვა მედიასაშუალებებში“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავამ, რომელმაც შეხვედრა დაწყებიდან 9 წუთში დატოვა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ ქუთაისში წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის შესაბამისი ადამიანები წაიყვანეს, კერძოდ, იურისტები, ეკონომისტები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, ვინც ჩართული იყვნენ „ნამახვანჰესზე“ მოლაპარაკებაში, ინვესტორი კომპანიის, „ენკას“ შერჩევასა და ხელშეკრულების შედგენაში.

„ისინი ძალიან კარგად იცნობენ ხელშეკრულების თითოეულ მუხლს. რა დღის წესრიგითაც უნდა წარმართულიყო დისკუსია, ის ადამიანები ჩამოვიყვანეთ. საკმაოდ მაღალი რანგის ადამიანები, მინისტრის მოადგილე და ა.შ. ვერცერთი მინისტრი ვერ იქნება უფრო მეტი სპეციალისტი და ექსპერტი, ვიდრე ჩვენთან დასაქმებული უმაღლესი რანგის იურისტები, გეოლოგები, ეკონომისტები“, – განაცხადა თურნავამ.

ნათელა თურნავა და ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის მცხოვრებლებს შეხვედრას და დისკუსიას 5 მარტს დაპირდნენ, როდესაც ისინი სოფელ ნამოხვანში ჩავიდნენ, დღეს კი, როდესაც ქუთაისის მერიაში რიონის ხეობის მცველები მათ მიერ მიწვეულ ექსპერტებთან ერთად მივიდნენ, მინისტრებმა შეხვედრა დაწყებიდან 9 წუთში დატოვეს. რიონის ხეობის მცხოვრებლებმა ეს საქციელი შეაფასეს როგორც კითხვებისგან გაქცევა და მოქალაქეების შეურაცხყოფა. მალევე მათაც დატოვეს შეხვედრის დარბაზი იმ მოტივით, რომ ასეთ ფორმატზე არ შეთანხმებულან.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 14 მარტს, ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]