weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა ახალი საქმე აღძრა

16:16 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მის წინააღმდეგ მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მეარაყიშვილის თქმით, მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება.

„ეს არის დევნა ჩემი, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, რომელიც მიუხედავად არაერთგზის მუქარისა და გაფრთხილებისა, ვსაუბრობ ჩვენი, აქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევებზე.

წინა სამ საქმეზე პირველი ინსტანცია მოვიგე - სასამართლომ თქვა, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, ჩემი ბრალეულობა არ ჩანს და სამი ტომისგან შემდგარი საქმე უკან დაუბრუნა პროკურატურას ხარვეზების გამოსასწორებლად“, – აცხადებს თამარ მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ იცის, ამჯერად რას ედავება ე.წ. პროკურატურა.

ერთი თვის წინ თამარ მეარაყიშვილმა დახმარებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიმართა. მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ოკუპირებულ ახალგორში დააკავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ ის მმართველი პარტიის ცილისწამებაში დაადანაშაულა, რაც მეარაყიშვილმა პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლად შეაფასა. გარდა ამისა, ადგილობრივი პროკურატურა მას „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას და ყალბი დოკუმენტის გამოყენებასაც ედავება.

2018 წლის აგვისტოში ერთი წელი გახდა, რაც თამარ მეარაყიშვილს დოკუმენტები აქვს ჩამორთმეული და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა. 2018 წლის აპრილში სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]