weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

არჩილ ტატუნაშვილი VS რუსეთი – სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი მიიღო

17:16 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო მათ მიერ მომზადებული სარჩელი „არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. მათივე ცნობით, სტრასბურგის სასამართლო სარჩელს დაჩქარებული წესით განიხილავს.

„ემპათიამ“ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა. ორგანიზაციის დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა დღეს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარდგენილია ყველა მტკიცებულება, მათ შორის სასამარლოს 87-გვერდიანი დასკვნა, რომელიც ადასტურებს არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობას.

„ამ დასკვნას ახლავს თან 445 გვერდი მტკიცებულებები. მთლიანობაში ეს მტკიცებულებები არის დაახლოებით 40 დანართი სარჩელზე და დაახლოებით 200-800 გვერდი. თუკი კომუნიკაციის ეტაპზე კვლავ გახდება საჭირო დამატებითი მტკიცებულებების, განმარტებების წარდგენა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მათ წარსადგენადაც“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დაკავების შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც ძალის გამოყენება გახდა საჭირო, რა დროსაც დაკავებული იზოლატორის კიბეზე დაგორდა. ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ საათში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, გარდაცვლილის ოჯახი და საპატრიარქო ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი და ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი აცხადებდა, რომ ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილს სხვადასხვა ადგილზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ის აწამეს.

ამ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი. მათ საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]