weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

არ დავივიწყოთ, რომ ეს საქმე ტერორიზმს ეხება – შს მინისტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე

23:08 პარასკევი, 22 მარტი 2019

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა „არ არის სწორი“. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, საქმე ტერორიზმს ეხება.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა გიორგი გახარიას გაახსენა ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრა, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად შედგა. ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, შეხვედრაზე კვირიკაშვილმა სარალიძესა და მაჩალიკაშვილს პირობა მისცა, რომ მათი საქმეები ბოლომდე მივიდოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა ამ პირობაში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის ნაწილიც. ამაზე გახარიამ თქვა, რომ „არა“.

კითხვაზე, რას ეტყვის მამებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, გახარიამ განაცხადა:

„შეხედეთ, მაჩალიკაშვილის საქმეზე მე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმეა და მე არ მინდა, ამაზე კომენტარი გავაკეთო, მითუმეტეს, ეს გადის ჩემი უფლებამოსილების ფარგლებიდან.

არ დავივიწყოთ, რომ ეს საქმე ტერორიზმს ეხება. ერთმნიშვნელოვნად, ეს უნდა გვახსოვდეს და ეს ტოლობის ნიშნის დაყენება აქ არ არის სწორი.

მე ბევრ ვინმეს შევხვედრილვარ ერთად. არცერთხელ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გამიკეთებია. არც გავაკეთებ, არასოდეს. ეს არის ტერორიზმთან დაკავშირებული საქმე“, – განაცხადა გახარიამ.

კითხვას, რა მოსაზრებით არ საუბრობს მაჩალიკაშვილის საქმეზე, შს მინისტრმა უპასუხა: „არ გეტყვით“.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთეს. 19 მარტს, ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს ერთ დონეზე არ აყენებს. 21 მარტს კი, თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას, როდესაც კითხვა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხებოდა, განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ თემირლან მაჩალიკაშვილთან მიმართებით დანაშაული ჩაიდინა, რამდენადაც ეს ფაქტი არ არის დამტკიცებული.

პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის ეს განცხადებები კრიტიკულად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“. EMC-ი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილისა და წულუკიანის განცხადებები და მათი პოზიციები პოლიტიკური უპასუხისმგებლობა და ადამიანის უფლებების იგნორირების უხეში მაგალითებია.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]