weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მზად ვარ შესაძლო დისკრიმინაცია შევისწავლო – ლომჯარია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე

11:02 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელისა და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტების სამსახურიდან გათავისუფლება, ბუნებრივად გამოიწვევს არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით.

„18 ივლისის საჯარო განცხადებით, ასევე, 26 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას, ხაზგასმით ავღნიშნე, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესები უარყოფითად არ აისახოს ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებაზე, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება.

თუმცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას. რაც შეეხებათ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს, მიმაჩნია, რომ მათი გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს, შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გუშინ, 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიამ ასევე დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2“-ის მაყურებელი ვეღარ იხილავს.

პაატა სალიამ ამ განცხადების შემდეგ არხი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]