weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნათელი გახდა, რატომ შეუშალეს ხელი ჩვენს წარმომადგენლებს ქსნის ციხეში – სახალხო დამცველი

13:26 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნათელი გახდა, საპარლამენტო არჩევნების დღეს, რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე თავდასხმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, 31 ოქტომბერს N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა.

სახალხო დამცველი აცხადებდა, რომ პატიმრებმა მის წარმომადგენლებს კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა.

„მას შემდეგ რაც საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდა, არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ გასაჩივრდა ქსნის N15 დაწესებულებაში შექმნილი უბნის მაჟორიტარული ოქმი, ვინაიდან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 641-მა პატიმარმა, რომელთაგან ყველა სავარაუდოდ არ წარმოადგენდა მცხეთის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს.

საბედნიეროდ, საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციათა საჩივარი და მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგები გაუქმდა ამ საარჩევნო უბანზე. ამ ხმების გაუქმებამ ზეგავლენა იქონია ოლქის არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან, მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა.

საარჩევნო დარღვევის მასშტაბიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ნათელი გახდა ის ფაქტი, თუ რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც არ იქნა აღკვეთილი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაც, როდესაც მათ სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს N15 დაწესებულებაში პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს „უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს.

2019 წელს გამოვაქვეყნეთ სპეციალური ანგარიში, სადაც საუბარი იყო N15 დაწესებულებაში მომძლავრებული კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე და მათ გავლენებზე ციხის ადმინისტრირების პროცესში, რაც პატიმართა უფლებების თავისუფალ რეალიზებაზე უარყოფითად აისახება“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრის შედეგები, რის გამოც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა კერესელიძეს 594 ხმა დააკლდა.

როგორც „რეგინფოს“ მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რობერტ აზარაშვილმა უთხრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მაჟორიტარი კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 161 მსჯავრდებულს ჰქონდა, თუმცა საუბნო კომისიის წევრებმა ბიულეტენები ამ უფლების არმქონე პატიმრებსაც მისცეს.

შესწორებული მონაცემების მიხედვით, შალვა კერესელიძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა – მას ამომრჩეველთა ხმების 49.67% აქვს (25 194 ხმა), ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს – 33.78% (17 134 ხმა).

საპარლამენტო არჩევნები 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თუმცა ოპოზიცია მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი კანდიდატები მეორე ტურის ბიულეტენებში მითითებული იქნებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]