weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2021

სახალხო დამცველი პოლიციას მოუწოდებს ბუკნარში ძალადობის პრევენციისთვის ზომები მიიღოს

19:08 ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 hits 466
ფოტო © გურია ნიუსი ფოტო © გურია ნიუსი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირებას საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას.

ნინო ლომჯარია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ შესაბამისი ზომები ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ამასთან, უზრუნველყონ მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად ქონდეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც სალოცავად იკრიბებოდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თანაბრად შეუწყოს ხელი ყველასთვის ამ უფლებით განუხრელად სარგებლობას. ამასთან, სახელმწიფომ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად უნდა დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა. სწორედ ნეიტრალიტეტზე და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიულობა და პლურალიზმი. 

უნდა აღინიშნოს, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსლიმი თემის მხრიდან საკუთარი რწმენის შესაბამისად რელიგიური რიტუალების განხორციელება უკმაყოფილებას იწვევს მართლმადიდებელ მოსახლეობაში. სამწუხაროა, რომ მუსლიმთა მიმართ 2012-2016 წლებში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით (ცალკეულ შემთხვევაში მუსლიმები სამართალდამცავი პირების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებაზეც მიუთითებდნენ), არ დამდგარა ძალადობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა. აღნიშნული ტიპის საქმეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება არსებითად მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა.

სოფელ ბუკნარში გუშინ კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. დაზიანებები მათ თავის არეში ქვებით მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

დღეს ბუკნარში აჭარიდან მუსლიმები ჩავიდნენ და ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადეს. სოფლის ცენტრში ქრისტიანი მოსახლეობა შეიკრიბა. მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველებმა მუსლიმებს სოფლის ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და ვითარება დაიძაბა. წინააღმდეგობის მიუხედავად მუსლიმებმა სოფლის ცენტრამდე მისვლა მოახერხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]