weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო გაერო შეშფოთებას გამოთქვამს 

15:08 პარასკევი, 14 იანვარი 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფი ავრცელებს.

„სინანულს გამოვთქვამთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტია, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა საქართველოში. 

ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.

შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულებათა სიის არსებითი გაფართოება გამოიწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების – დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან. 

წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელისსაქართველოშიმისიის დროს (2015 წ.) გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება, რომ არსებობს რისკი ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შესაძლოა [სახელმწიფო ინსპექტორის] ამოცანა მეტისმეტად გაართულოს [თუკი]... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც არ შედიან წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის ძირითად ჯგუფში... [მისი მანდატის ფარგლებში შევა]“.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო და გუშინ ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სახელმწიფო ისნპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნას ითვალისწინებს. პრეზიდენტის განცხადებით, უსამართლო ვითარება შეიქმნა, თუმცა სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არ ჰქონდა. 

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველი მარტიდან გაუქმდება. შესაბამისად, თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება პარლამენტის მიერ 2019 წელს, 6 წლის ვადით არჩეული ლონდა თოლორაია, ასევე, პოსტებს დატოვებენ მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები.

 

ამ თემაზე:

ვეტოს გამოყენება ადამიანის უფლებების სფეროსთვის მნიშვნელოვანი მესიჯი იქნებოდა – თოლორაია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]