weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ცნობილია 

17:31 პარასკევი, 07 იანვარი 2022

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას საქმეზე დასკვნა მოამზადა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი გახდა „ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.

დოკუმენტი მედიის საშუალებით დღეს, ლაშქარავას გარდაცვალების 6 თვისთავზე გასაჯაროვდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ქართველო ოპერატორი მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა 30 დეკემბერს მიიღეს და ის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედების) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედაყბის ძვალი) მრავალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები.

„სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით - თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო, თვალის კაკლის კომოციო, დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან ალექსანდრე ლაშქარავას სტაციონარში მოთავსების თარიღს (2021 წლის 5 ივლისი). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის მოქმედებით.

ცოცხალ პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აეროვანი უჯრედები) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედაყბის ძვალი) მრავალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო, თვალის კაკლის კომოციო იზოლირებულად აღებული ატარებს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს, ხოლო ყველა სხვა დაზიანება, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული, ატარებენ მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს“, – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის იყო 36 წლის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა და სასტიკად სცემა. ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როდესაც საგამოძიებო უწყება მიანიშნებდა, რომ ოპერატორი ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით იყო გარდაცვლილი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ ლაშქარავამ 10 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდეგ მოიხმარა. 

შსს-მ ალექსანდრე ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]