weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა 

12:28 პარასკევი, 07 იანვარი 2022

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) საქართველოში მოკლული ჟურნალისტების სიაში ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა დაამატა. 

2021 წლის 13 ივლისს, იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმას განცხადებით გამოეხმაურა და ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ის საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებდა. 

„ჟურნალისტებს ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს შესრულება. ეს მოვლენები შესაძლოა გახდეს შემაშინებელი გზავნილი სხვათათვის და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“, – აცხადებდა ოდრი აზულაი. 

იუნესკოს, როგორ გაეროს სააგენტოს, რომელსაც აქვს მანდატი ხელი შეუწყოს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას, მასმედიის წარმომადგენლების მკვლელობებს თვალს ადევნებს და წევრ სახელმწიფოებს მხარს უჭერს, დაძლიონ ამგვარი დანაშაულების მიმართ არსებული დაუსჯელობის ატმოსფერო. „ჟურნალისტთა მკვლელობების ობსერვატორია“ იუნესკომ 2018 წელს შექმნა. საქართველოს სიაში გიორგი სანაია და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მოკლული ჰოლანდიელი ჟურნალისტი სტან სტორიმანსიც არიან. 

2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მათ შორის იყო 36 წლის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ჰომოფობიურად განწობილი ჯგუფი თავს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა და სასტიკად სცემა. ლაშქარავა საავადმყოფოდან 8 ივლისს გაწერეს, 11 ივლისის დილას კი საკუთარ სახლში ნახეს გარდაცვლილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების შედეგები და ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია.

შსს-მ ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ ჯგუფური ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავა.

 

ამ თემაზე:

ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო შემაშფოთებელია – ლომჯარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]