weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიტიკურად ვიდევნები, არადა უბრალო მასწავლებელი ვარ – მუსტაფა ჩაბუქი

00:16 სამშაბათი, 20 თებერვალი 2018
პოლიტიკურად ვიდევნები, არადა უბრალო მასწავლებელი ვარ – მუსტაფა ჩაბუქი ფოტო © RFE/RF

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 9 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობიდან 1000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ პოლიტიკური მოტივით იდევნება. ჩაბუქისთვის გაუგებარია, რატომ უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

„თურმე, მე ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ვარ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. არასოდეს მქონია შეხება რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან. რაც შეეხება ფეთჰულა გიულენს, მას პირადად არ ვიცნობ და არასოდეს მქონია პირადად კომუნიკაცია. ჩვენს სკოლებთან მას არც ფინანსური და არც სხვა რაიმე კავშირი არ აქვს. ეს გამორიცხულია, რადგან ეს ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებია. ბევრ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მაგალითად, იმაზე, რატომ არ მომცა საქართველომ ლტოლვილის სტატუსი. ამ დრომდე მესმის საუბარი იმაზე, რომ თურქეთიდან არის წნეხი.

როდესაც ჩემ საქმეს შევხედე, თავისუფლად ვთქვი, რომ პოლიტიკურად ვიდევნები, არადა უბრალო მასწავლებელი ვარ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. ასე გამოდის, რომ საქართველომ ანკარას თხოვნა შეუსრულა.

დღეს მე თავისუფალი ვარ და აღარ უნდა მოხდეს ჩემი ექსტრადირება“, – აცხადებს მუსტაფა ჩაბუქი „რუსთავი 2“-თან.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 5 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე. ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განმარტებით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომლის თარიღიც ჯერ უცნობია, ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიცია განიხილება. 

„იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს ექსტრადიციას, ეს გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაეს სასამართლოში 7 დღის განმავლობაში. პარალელურად, ჩვენ უფლება გვაქვს მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების, ანუ ექსტრადირების შეჩერების, გამოყენების თაობაზე“, – ამბობს სოსო ბარათაშვილი.

თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. 2017 წლის 24 მაისს ქართველმა სამართალდამცავებმა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩაბუქი შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით არის ძებნილი. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია – „FETO“-სთან, რომელსაც თურქული მხარე 2016 წლის ივლისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირებს. მუსტაფა ჩაბუქი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მას პოლიტიკური მოტივით დევნისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრება.

 

ამ თემაზე:

ჩაბუქის მსხვერპლშეწირვა არაა აუცილებელი პირობა თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის - ჰარმსი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია კანონმდებლობას ეწინააღმდეგება - სახალხო დამცველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]