ლადო სადღობელაშვილი, ლუკა ნაცვლიშვილი, გიორგი ონიანი, ბექა რევაზიშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და მიხეილ ამისულაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 19 მარტს განვითარებული მოვლენების გამო დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური ხულიგნობა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 მარტს ექვსივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ქართულმა მარშმა“ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით 1 მაისს, ე.წ. სასიკვდილო შიმშილობის აქცია დაიწყო. მოშიმშილეებს დაკავებულების დედებიც შეუერთდნენ.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულები 19 მარტს, „რუსთავი 2“ -ის შენობის წინ შეიკრიბნენ და კომპანიის თანამშრომლების მიმართ იგინებოდნენ, გამოხატავდნენ აგრესიას და აშკარა უპატივცემულობას იქ მყოფი საზოგადოების მიმართ, რასაც დაემატა კომპანიის თანამშრომლების მიმართ ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა. „რუსთავი 2“-ის იურისტსა და გადაცემა P.S.-ს წამყვანს, რომლებიც შემთხვევის ადგილის დატოვებას ცდილობდნენ, ბრალდებულებმა გზა ჩაუკეტეს. ლუკა ნაცვლიშვილმა იურისტის მანქანის ძარის ხუფი ფეხის ჩარტყმით დააზიანა, რითიც მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა, ხოლო მანქანაში მყოფ ტელეწამყვანს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით. გიორგი ონიანმა „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს სახეში ძლიერი დარტყმით ფიზიკური დაზიანება მიაყენა.