weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანა სუბელიანის მიმართ შესაძლო მუქარაზე გამოძიება დაიწყო

18:45 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ანა სუბელიანის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ანა სუბელიანმა გადაცემაში „არჩევანი“ განაცხადა, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

„არ ვფიქრობ, რომ ბოდიშების ტონით გვაქვს სასაუბრო იმ ადამიანებთან, რომლებმაც ცეკვის გამო და სიწმინდეების სახელით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, იმხელა აგრესია დამატეხეს და იმხელა მუქარის ქვეშ ვარ მთელი ამ დღეების განმავლობაში. მე მემუქრებიან ბავშვით. მე მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. მემუქრებიან ყოვლად შემზარავი ფორმებით, წამებით. ნაწილი არის „ფეიკ ექაუნთები“, თუმცა არიან რეალური ადამიანებიც. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ, რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. მაგრამ, ამის გამო, არ ვაპირებ, რომ შევწყვიტო გარეთ სიარული. არ ვაპირებ, რომ უკან დავიხიო ბრძოლებში და ვფიქრობ, რომ ზუსტადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ჩემი უსაფრთხოება“, - განაცხადა ანა სუბელიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მემორიალზე ცეკვასთან დაკავშირებით, 10 აპრილს ანი სუბელიანმა განმარტა, რომ ეს მისთვის თავისუფლების აქტი იყო და ვერ წარმოიდგენდა, თუ ვინმესთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

შეგახსნებთ, საპროტესტო აქციები მოჰყვა 12 მაისს, თბილისში, ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც გაირკვა ბრალდებულები პოლიციამ სპეცოპერაციამდე აიყვანა. 13-14 მაისს, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა შეიკრიბა, რომლებიც ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარებას და მკაცრ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებდნენ. ამავე დროს, აქციის მონაწილეები პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

14 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით გამართული აქციის საპირისპიროდ რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშის“ და სხვა ნეონაცისტური ჯგუფების აქტივისტები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს პროტესტი შეეწყვიტათ და რუსთაველის გამზირი დაეტოვებინათ. რუსთაველზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, პოლიცია, წყლის ჭავლის მანქანები. პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ყველა მხრიდან პოლიციელებს ჰქონდათ გადაკეტილი და საპირისპირო აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

გვიან ღამით, მოლაპარაკება გაიმართა „თეთრი ხმაურის“ აქციის ორგანიზატორებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის, რის შემდეგაც მინისტრი აქციაზე სიტყვით გამოვიდა, მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და დაპირდა, რომ დაისჯება ყველა თანამშრომელი, ვინც სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და შეიცვლება ნარკოპოლიტიკა. მინისტრის დაპირებების შემდეგ საპროტესტო აქცია დაიშალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]