weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში პროკურატურას საქმე მოუგო

13:37 პარასკევი, 08 ივნისი 2018

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ე.წ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როგორც „ეხო კავკაზას“ მეარაყიშვილის ადვოკატმა, იკრამჟან რამატოვმა უთხრა, სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დადასტურდა, რომ მთავარი პროკურატურა თავად არის კანონდამრღვევი.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ ოკუპირებულ ახალგორში დააკავა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ ის მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა, რაც მეარაყიშვილმა პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლად შეაფასა.

25 აგვისტოს მეარაყიშვილმა დე ფაქტო პროკურატურისგან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა. ადვოკატ იკრამჟან რამატოვის თქმით, კანონის მიხედვით, ცილისწამების ობიექტი შესაძლოა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი და არა პოლიტიკური პარტია.

ადვოკატმა ე.წ. მთავარ პროკურატურაში გაასაჩივრა ახალგორის რაიონული პროკურატურის გადაწყვეტილება - თამარ მეარაყიშვილის მიმართ დევნის დაწყების შესახებ. ე.წ. მთავარი პროკურატურა შემოიფარგლა განმარტებით, რომ „დაცვის მხარის მიერ სარჩელში მითითებული არგუმენტები არ დასტურდება“. ამის შემდეგ თამარ მეარაყიშვილმა და მისმა ადვოკატმა პროკურატურის უმოქმედობაზე სასამართლოს მიმართეს.

3 მაისს, ცხინვალის ე.წ. რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ მეარაყიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურორი ვალდებული იყო მიეღო მოტივირებული დადგენილება, რომელშიც მეარაყიშვილს განუმარტავდა კონკრეტულ მიზეზებს, რატომ უთხრა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ე.წ. მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 6 ივნისს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი ტიხოევმა 3 მაისის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

რაც შეეხება ცილისწამების საქმეს, თამარ მეარაყიშვილი ეცდება „უზენაესი სასამართლოს“ პრეზიდიუმის წინაშე დაამტკიცოს, რომ არ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას იურიდიული პირის მიმართ ცილისწამებაზე.

ცილისწამების გარდა, მეარაყიშვილის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. დე ფაქტო ხელისუფლება მას დოკუმენტების გაყალბებასა და ამ გზით „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობის მიღებას ედავება.

აგვისტოში ერთი წელი გახდება, რაც თამარ მეარაყიშვილს დოკუმენტები აქვს ჩამორთმეული და ოკუპირებული რეგიონიდან გასვლა არ შეუძლია. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, მან გამოძიებას სთხოვა, პასპორტი ორი დღით მაინც დაებრუნებინათ, რაზეც უარი მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესი არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს თამარ მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]