weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Reporters Without Border – საქართველოს მთავრობამ უნდა ახსნას როგორ მოხვდა მუხთარლი ბაქოში

14:37 პარასკევი, 02 ივნისი 2017

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (Reporters Without Borders) პატიმრობიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა ახსნას, თბილისიდან როგორ წაიყვანეს დევნილი ჟურნალისტი უკან, ბაქოში.

„საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა ახსნას, რა შეემთხვა აფგან მუხთარლის და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები საქართველოში დევნილი სხვა აზერბაიჯანელებისთვის.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტაცა მუხთარლი - უცხო ქვეყნის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა თუ საქართველოს უსაფრთხოების ძალები დაეხმარნენ აზერბაიჯანის რეჟიმს მათი კრიტიკოსების დევნაში, ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია, რომელიც შედეგების გარეშე არ დარჩება.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აფგან მუხთარლი, რომელიც გახდა წამებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი. დამოუკიდებლი ჟურნალისტების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების წარდგენა აზერბაიჯანში სტანდარტული პრაქტიკაა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას შეუძლია პრობლემების შექმნა საზღვარგარეთაც. დროა ამას მკაცრი პასუხი გაეცეს“, - ნათქვამია ორგანზიაციის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, გამომძიებელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვა, რათა გაქცეოდა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დევნას. ის Meydan TV-სა და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ (IWPR) თბილისიდან მუშაობდა.

„ბოლო დროს ის აცხადებდა, რომ უთვალთვალებდნენ და შეშფოთებული იყო საკუთარი და საქართველოში მყოფი სხვა აზერბაიჯანელების უსაფრთხოების გამო. მაისში აზერბაიჯანულმა პრო-სახელისუფლებო ვებსაიტმა თბილისი მტრულად განწყობილი აგიტატორების ცენტრად დაასახელა. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აქტიურ ომს აწარმოებს აზერბაიჯანში დარჩენილი მისი კრიტიკოსების წინააღმდეგ. სულ მცირე 15 ჟურნალისტი, ბლოგერი და მედიის მუშაკი ახალი ამბებისა და ინფორმაციის გავრცელების გამო დაპატიმრებულია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

29 მაისს, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი ბაქოში იმყოფება, სადაც მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ჟურნალისტის ადვოკატები და მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებენ, რომ ის თბილისიდან, ჭონქაძის ქუჩიდან ქართულად მოსაუბრე ორმა ადამიანმა გაიტაცა და შემდეგ აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირებს გადასცეს. ლეილა მუსტაფაევას თქმით, ქართული მხარე აზერბაიჯანთან შეთანხმებულად მოქმედებდა.

აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზრბაიჯანისთვის გადაცემის ვერსიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეკულაციად აფასებს. მისი განცხადებით, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]