„პენ-კლუბი“ შიშობს, რომ აფგან მუხთარლი წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე არასამართლიანი სასამართლოს რისკის ქვეშ არის.
ორგანიზაცია მიმართავს ყველას, გააპროტესტონ მუხთარლის დაკავება, მოუწოდონ აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეწყვიტოს დაშინების კამპანია, რომელიც ოპოზიციის ან „კრიტიკული ხმებისკენ“ არის მიმართული და შეასრულოს ვალდებულებები, რომლებსაც გამოხატვის თავისუფლების დასაცავად ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი ითვალისწინებს.
„გაუგზავნეთ თქვენი მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მოუწოდებს მას: უზრუნველყოს აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე დროული, დამოუკიდბელი და მიუკერძობელი გამოძიება; შეხსენებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არის შეერთებული და ნებისმიერი მონაწილეობა აფგან მუხთარლის გატაცებაში კონვენციის დარღვევა იქნება“, - ნათქვამია „პენ კლუბის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტი ამჟამად აზერბაიჯანში წინასწარ სამთვიან პატიმრობაში იმყოფება. აზერბაიჯანული მხარე მას კონტრაბანდას, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, აფგან მუხთარლი 29 მაისს, აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს იქნა დაკავებული. მათივე მტკიცებით, ჩხრეკის დროს მუხთარლის 10 000 ევრო აღმოაჩნდა.
ჟურნალისტის ადვოკატი და მეუღლე კი აცხადებენ, რომ ის თბილისიდან ქართულად მოსაუბრე ორმა ადამიანმა გაიტაცა და შემდეგ აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირებს გადასცეს.
აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვა, სადაც ხელისუფლება მისი პროფესიული საქმიანობის გამო დევნიდა. ის საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა და დამოუკიდებელი გამოცებისთვის, როგორებიცაა Meydan TV-სა და „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR), თბილისიდან მუშაობდა.