weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვა

19:43 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულის ადვოკატები 40 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმის პროკურორის, გიორგი ლობჟანიძის თქმით, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზეც არსებობს ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხე.

თემურ აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. როგორც მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, ის ტელევიზიის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს და ორი თვის განმავლობაში, როდესაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, პროკურატურამ მის წინააღმდეგ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო.

„იგივე მესმის, რაც ორი თვის წინ. მე არ ვარ კრიმინალი რომ ამდენი ხანი ვიჯდე ციხეში. ორი თვის მერე ბატონი პროკურორი ხელცარიელი მიჯდება წინ. ორი თვის წინ ჩვენ დაგვცინოდნენ პროკურორები, ადვოკატებსაც, მაგრამ დღეს ხელცარიელი ზის. დამატებითი ორი თვე რისთვის უნდა ვიჯდე. არასწორი ნაბიჯი მოხდა პროკურატურის მხრიდან. უცებ აიტაცა ტელევიზიამ, რა თქმა უნდა ოპოზიციას აინტერესებდა მსგავსი რაღაც, მელია იქიდან, სააკაშვილი, ა.შ., ყველა ჩაერთო. რა თქმა უნდა, დარეკილი ან შეხვედრა იყო ქვეყნის მაშინდელ პირველ პირთან. რა თქმა უნდა, რაკი მე მქონდა ურთიერთობა და ნაცნობობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ზემოდან უთხრეს, ბოლომდე მიაწექი, არ გაუშვათ გარეთო“, - განაცხადა აბაზოვმა.

მარნეულის მერის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 აგვისტოს იყო ჩანიშნული, პროკურატურა აღნიშნული ვადის 20 სექტემბრამდე გაგრძელებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ წინასასამართლო სხდომის დრო ერთი თვით გაახანგრძლივა და 6 სექტემბერს ჩანიშნა.

იმ დროს, როდესაც მოსამართლე მარნეულის ყოფილი მერისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობდა. თემურ აბაზოვის მხარდამჭერებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, 37 წლის თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა მას საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა, აიძულა ჭიქაში მოეშარდა და სახე საკუთარი შარდით მოებანა. დამამცირებელი და ღირსების შემლახველი ქმედება გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელებში გაავრცელეს.

თემურ აბაზოვს ბრალი მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედება. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.

მერთან ერთად ელჩინ ა-ს საქმეზე კიდევ სამი პირია ბრალდებული. რუსთავის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრს პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, აზერ სულეიმანოვს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს პარტია „ქართული ოცნებიდან“, რამინ ალახვერდიევს და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს ოთხ-ოთხი ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]