weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დიკაპრიო სკორსეზეს ფილმში თეოდორ რუზველტს განასახიერებს

16:42 ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017

ლეონარდო დიკაპრიო კიდევ ერთხელ ითანამშრომლებს აღიარებულ რეჟისორ მარტინ სკორსეზესთან ერთად მორიგ ბიოგრაფიულ სურათზე, რომელიც შეერთებული შტატების 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის შესახებ იქნება. ოსკაროსანი დუეტი, მთავარი როლისა და რეჟისორის ამპლუების გარდა, ბიოგრაფიული ფილმის თანაპროდიუსერებიც იქნებიან, სცენარის ავტორი კი ნაკლებად ცნობილი მსახიობი და დამწყები სცენარისტი სკოტ ბლუმია.

ამ დროისთვის უცნობია, ჯერ-ჯერობით უსათაურო ბიოგრაფიული დრამა თეოდორ რუზველტის მრავალფეროვანი ცხოვრების რომელ პერიოდზე იქნება, რადგან იგი სხვადასხვა დროს იყო: პოლიციის შეფი, სამხედრო მოსამსახურე ესპანეთ-ამერიკის ომში, ქვეყნის პრეზიდენტი, ეროვნული პარკების დამაარსებელი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

აღსანიშნავია, რომ უკვე არსებული ხუთი ერთობლივი სრულმეტრაჟიანი კინოპროექტის (Gangs of New York, The Aviator, The Departed, Shutter Island, The Wolf of Wall Street) შემდეგ, დიკაპრიოსა და სკორსეზეს, თეოდორ რუზველტის ბიოპიკის გარდა, კიდევ ორი სხვა ერთობლივი სამომავლო კინოპროექტი აქვთ. პირველი მათგანი მწერალ დევიდ გრანის წიგნზე სათაურით „ყვავილოვანი მთვარის მკვლელები“ (Killers of the Flower Moon), დაფუძნებული კრიმინალური დრამა იქნება, რომელიც 1920-იანი წლებში, ოკლაჰომას შტატში მცხოვრებ ოსეიჯის ტომის ამერიკელ ინდიელთა ტერიტორიებზე მომხდარი იდუმალი სერიული მკვლელობების შესახებაა: ადგილმდებარეობამ ნავთობის გამო მიიპყრო გავლენიანთა ყურადღება, მკვლელობათა გამოძიებამ კი, რომელიც დიდ კორუფციულ გარიგებებთან მივიდა, მოკლე დროში ახალი ორგანოს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) შექმნას ჩაუყარა საფუძველი. ფილმის სცენარის ავტორი ოსკაროსანი გამოცდილი სცენარისტი ერიკ როთია.

მეორე პროექტი ორი წლის წინ დაანონსდა და ისიც ასევე რეალურ სერიულ მკვლელობებზე შექმნილი ფილმია, სათაურით - „ეშმაკი თეთრ ქალაქში“ (The Devil in the White City), რომელიც ერიკ ლარსონის ამავე სახელწოდების მქონე დოკუმენტური ჟანრის წიგნის ეკრანიზაცია იქნება. ლეონარდო დიკაპრიო მე-19 საუკუნეში მცხოვრები ამერიკელი მანიაკის, ჰერმან უებსტერ მაჯეტის როლს შეასრულებს, რომელიც ცნობილი იყო დოქტორ ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსის სახელით.

მარტინ სკორსეზე ამჟამად ასევე რეალურ პერსონებზე დაფუძნებული კრიმინალური სურათის, „ირლანდიელის“ (The Irishman) გადაღებებითაა დაკავებული, დიკაპრიოს სხვა სამომავლო კინოპროექტები კი ასევე ბიოგრაფიულია - ჰოლივუდის ვარსკვლავი მაფიასთან მებრძოლი ნიუ იორკელი დეტექტივის როლს შეასრულებს ფილმში „შავი ხელი“, ხოლო უკანასკნელი ინფორმაციით, 42 წლის მსახიობი ლეონარდო და ვინჩის როლშიც მოგვევლინება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]