გადაწყვეტილება სტუდიამ Sony Pictures მიიღო, AFI-ს კინოფესტივალმა კი გადაწყვეტილებას მხარი ოფიციალური განცხადებით დაუჭირა. ამრიგად, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმის პრემიერა 16 ნოემბრის ნაცვლად 22 დეკემბერს გაიმართება.
რიდლი სკოტის კრიმინალურ-ბიოგრაფიული ფილმის სიუჟეტი 1973 წელს ნავთობის მაგნატ ჟან პოლ გეტის შვილიშვილის რომში გატაცების შესახებაა, როდესაც 16 წლის ბიჭის დედა მისავე მილიონერ პაპას მაფიოზებისთვის გამოსასყიდის გადახდაში არწმუნებდა, მისგან მიღებული უარის შემდეგ კი საქმეში CIA-ს ყოფილი აგენტი ჩაერთო. მთავარ როლებს მარკ უოლბერგი, მიშელ უილიამსი და კევინ სპეისი ასრულებენ. წინასწარი პროგნოზებით, სამივე მათგანს, ისევე როგორც თვითონ ფილმს, საოსკარე ნომინაციებისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა თავად შემქმნელებისავე გადაწყვეტილებით, ფილმის საოსკარე კამპანია კევინ სპეისისთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის გამო ოფიციალურად შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ ორი ოსკარის მფლობელ აღიარებულ კინოვარსკვლავ კევინ სპეისის სექსუალურ ძალადობაში ბრალი მსახიობმა ენტონი რაპმა დასდო, რის საპასუხოდაც კევინ სპეისიმ ბოდიში საჯაროდ მოიხადა და აღიარა, რომ გეია. გახმაურებულ სკანდალს მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ცნობილი გახდა, რომ პოპულარული სერიალი „ბანქოს სახლი“ აღარ გაგრძელდება, შემდეგ კი - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კევინ სპეისი „ემის“ სპეციალურ ჯილდოს ვეღარ მიიღებს. ენტონი რაპის გარდა, სექსუალურ შევიწროებაში მას ბრალი „ბანქოს სახლზე“ მომუშავე ჯგუფის რვა წევრმაც დასდო და ასევე ცნობილი გახდა, რომ დარჩენილ დროში კევინ სპეისისთან ერთად სერიალზე თანამშრომლობა აღარ მოხდება.