პოლ ზინდელის 1969 წელს გამოქვეყნებული პიესა სახელად „შენი ჩურჩული გამაგონე“ (Let Me Hear You Whisper) ქალ დამლაგებელზე მოგვითხრობს, რომელიც ლაბორატორიაში მუშაობს და აღმოაჩენს, რომ ლაბორატორიის თანამშრომლები სამეცნიერო გამოკვლევას დელფინზე ატარებენ, სწორედ ამიტომ, გადაწყვეტს, რომ ამ ცხოველს დაეხმაროს და გადაარჩინოს. პიესის მიხედვით, იმავე წელს გამოსული სატელევიზიო ფილმიც არსებობს. ამ შინაარსიდან გამომდინარე, დევიდ ზინდელი თვლის, რომ გილერმო დელ ტოროს ფილმი, სადაც მოქმედება სამოციანი წლების ცივი ომის პერიოდის ფონზე სამეცნიერო ლაბორატორიის მუნჯ ქალ დამლაგებელსა და ამფიბია არსების ურთიერთობაზეა, მამამისის ნაწარმოების ზუსტი ასლია და აღიარებულმა მექსიკელმა რეჟისორმა სიუჟეტი და პერსონაჟები მისგან გადაიღო.
დევიდ ზინდელი გაკვირვებულია, თუ რატომ დაუშვა კინოსტუდია Fox Searchlight-მა ასეთი პლაგიატის შემთხვევა საკუთარ კინოპროდუქციაში, თუმცა სტუდიის წარმომადგენელმა ბრალდება უარყო.
ოფიციალური ინფორმაციით, „წყლის ფორმა“ შთაგონებული ისეთი ნაწარმოებებით, როგორებიცაა: 1954 წლის კლასიკური ფილმი „არსება შავი ლაგუნიდან“ (Creature from the Black Lagoon), რეიჩელ ინგალსის 1982 წლის რომანი „მისის კალიბანი“ და 2015 წლის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი The Space Between Us.
შეგახსენებთ, რომ კრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან უაღრესად დადებითად შეფასებული ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, სადაც უჩვეულო სიყვარულის ფანტასტიურმა კინოისტორიამ მთავარი პრიზი - „ოქროს ლომი“ მოიგო. „წყლის ფორმამ“ ასევე მოიპოვა ორი ოქროს გლობუსი, კრიტიკოსთა ჯილდო, პროდიუსერთა გილდიის ჯილდო და მოახლოებულ ოსკარების დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია მოიპოვა.