weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროკურატურამ ზაზა სარალიძისთვის გირაოს შეფარდება არ მოითხოვა

17:41 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018

რუსთავის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა. მთავარ პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ ბრალდების მხარე სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა დღეს არ დაუყენებიათ.

„ბრალდების მხარემ მოითხოვა მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას აქვს თავისი საფუძვლები და მიზნები. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბატონი ზაზა სარალიძის მიმართ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. მოხდა მტკიცებულებების და საფრთხეების შეფასება და ვიმეორებ, არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს“, – განაცხადა პროკურორმა.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ზაზა სარალიძისთვის წარდგენილი ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება: „საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ზაზა სარალძემ პოლიციელს დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ვიდეო და შენელებულ კადრებში ნახავთ, რომ იქ ნამდვილად არ არის ბლაგვი საგნით ზიანის მიყენება. ზაზა სარალიძეს შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე იგი წვიმასა და ქარში იმყოფებოდა იმ ნივთების გარეშე, რომელიც ასეთ დროს აუცილებელია. კანონით მას აქვს ამის მოთხოვნის უფლება.

ზაზა სარალიძეს შეეზღუდა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და სწორედ ამ გარემოებამ მოგვიყვანა სასამართლოში. დაზარალებული მხარე გვყავს ბრალდებულის სტატუსით. ეს არ არის გარემოება, რომელსაც უნდა შევეგუოთ“.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 26 ოქტომბერს დააკავეს პარლამენტთან, სადაც ის შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით, 10 სექტემბრიდან მშვიდობიან აქციას მართავდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა სარალიძე წვიმის დროს, პარლამენტთან გაშლილ ლოგინებზე ბანერის გადაფარებას ცდილობდა, რისი საშუალებაც საპატრულო პოლიციამ არ მისცა. მათიაშვილის თქმით, პოლიციელების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ, სარალიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ზაზა სარალიძე პოლიციელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებითთვეების განმავლობაში პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფაზე თვალს ხუჭავდა, თუმცა იძულებული გახდა ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე სარალიძე დაეკავებინა.

28 ოქტომბერს, პროკურატურამ სარალიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სასამართლო სხდომის გამართვამდე, საგამოძიებო ორგანომ ზაზა სარალიძის მიმართ საპატიმრო ღონისძიების გამოყენება საჭიროდ არ ჩათვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]