weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2022

თემირლანს „ქართულმა ოცნებამ“ ოცნება წაართვა – თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

19:27 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 hits 1357

„ხალხო, საქართველოს ერო, გეხვეწებით, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ეს უვარგისი მთავრობა, რომელიც სისხლით შემოვიდა. ჩემს შვილს, თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ ოცნება წაართვა“, – განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე.

მაჩალიკაშვილების ოჯახი და მისი მხარდამჭერები სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის თანამშრომლის, იოსებ გოგაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.

„მე ვარ ის ბებია, რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით, გვერდები ჩამილურჯეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს შვილი, თემირლანი მოუკლეს. გოგაშვილის დაკვეთით მძევლად აგვიყვანეს და შუბლგახვრეტილი ჩემი პატარა, სანთელივით სუფთა თემირლანი მკვდარი გაიტაცეს და წაიყვანეს. გამოდი, სოსო გოგაშვილო, არ გყოფნის ვაჟკაცობა, კაცობა არა გაქვს? აღიარე შენი დანაშაული. გააგებინე ხალხს, რომ უდანაშაულო შვილიშვილი მომიკალი და ლოგინში მწოლიარეს შუბლი გაუხვრიტე“, – თქვა ელენე მაჩალიკაშვილმა აქციაზე.

თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ საზოგადოებას თანდგომისკენ მოუწოდა: „ტერორისტი ჩემს ოჯახს არ გაუზრდია. მე გთხოვთ, ამ ნაძირალა მთავრობას, რომელმაც ჩემს შვილს, ჩემს შვილიშვილს ოცნება წაართვა, რომელმაც ჩემს ოჯახს ნამსხვრევებად უქცია ოცნებები, არ მივცეთ ხმა. გთხოვთ, თუ ვინმეს საგულეში გიდევთ თბილი გული. ძალა ერთობაშია“.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და კიდევ ერთხელ სთხოვა, მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯა.

„საუბარი მხოლოდ გოგაშვილზე არ არის. მე მაქვს საუბარი გომელაურზე; იმათზე, ვისაც სისხლში აქვთ ხელები ამოსვრილი. მე მაქვს საუბარი იმ ადამიანებზე, ვინც ჩემი შვილის ცხედარი სახლიდან გაიტაცეს.

მე ისევ და ისევ მივმართავ ივანიშვილს, დასაჯე ეს ადამიანები. ნუ გადაკიდებთ ამ ერებს ერთმანეთს. ეს თქვენ არ შეგრჩებათ. ამ ყველაფერს კანონის გზით გავაკეთებთ, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რამდენიმე თვის წინ მაჩალიკაშვილების ოჯახმა განაცხადა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

იოსებ გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის აგვისტოში დატოვა. ოქტომბრის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]