„სამაშველო ღონისძიება ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა. მზიდი კედლების დაზიანების პირობებში რამდენიმე სართული იყო ჩანგრეული და ფილები იყო ჩაცვენილი. ამის გამო საკმაოდ გაგრძელდა, მაგრამ ძალიან ფრთხილად, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ. ორი ადამიანი, გარდაცვლილი დედა-შვილია ნაპოვნი, გადაყვანილები არიან პროზექტურაში“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ზემო ფონიჭალაში N23 საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, რასაც საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოჰყვა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მესამე სართულიდან ფილა მეორე სართულზე ჩავარდა.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი - 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი დაშავდნენ. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებულნი.
ფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, სამი წლის ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.