ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ასობით ავტომობილით თელავში ჩასვლას ცდილობენ, სადაც მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, აქციის გამართვა აქვთ დაგეგმილი. საპატრულო პოლიციამ მათი კოლონა ჯერ გომბორის გზაზე არ გაატარა, მოგვიანებით კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან გზა ავტობუსებით ჩაუხერგა, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გზის გახსნას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ველისციხეში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.
შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებს თელავისკენ გადასაადგილებლად ალტერნატიული გზა და ტრანსპორტი შესთავაზეს, რასაც სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.