შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კახეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული. სამართალდამცავებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
18 დეკემბერს შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც, უწყების ინფორმაციით, დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია სოფელ ველისციხეში მცხოვრები ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება 16 დეკემბრის ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.