„ჩვენს კლინიკაში სულ შემოვიდა ექვსი პაციენტი. ხუთი მათგანი უკვე გაწერილია ბინაზე, ერთი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და მკურნალობას აგრძელებს. მას თავის არეში სკალპირებული ჭრილობა ჰქონდა. შემოსვლისთანავე გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა.
16 იანვრის საღამოს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კურპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა მათ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ოფიციალურ განცხადებას დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებენ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.