ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველადი სავარაუდო დასკვნის თანახმად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.
„თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები.
ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან“, – აცხადებს ვარდიაშვილი.
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულირების საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარუდგინა.
„ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო. ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად“, – აღნიშნავს ენერგოომბუდსმენი.
16 იანვრის საღამოს, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კურპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.
კორპუსის მცხოვრებლების თქმით, დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა მათ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ოფიციალურ განცხადებას დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებენ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.