„იას მოუწყვეს მორალური სასამართლო. ის არის ადამიანი, რომელიც 35 წელზე მეტი ემსახურებოდა განათლების სისტემას. მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც მან დაამთავრა უნივერსიტეტი. იმ დღიდან დაწყებული ის კოლეჯში იყო, შემდეგ უნივერსიტეტში და შემდეგ 11 წელი ემსახურა სკოლას. მისთვის ყველაზე მძიმე ეს მორალური ტერორის ნაწილი აღმოჩნდა, რომ თქვენ, თქვენი სისტემა ასე უსამართლოდ ექცეოდა.
რადგან არჩევნებია და ასე დაემთხვა... ეს ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო და იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება.
მეც ვიცოდი, რომ გაათავისუფლებდნენ. დავწერ განცხადებას, მაგრამ რატომო, მე ხომ მთელი ცხოვრება ამ სკოლას, ამ ბავშვებს ვემსახურბოდიო...
მე მინდა ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურო ამ ქვეყანაში. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას. ჩემს მოთმინებას და ყველას მოთმინებას ამ ქვეყანაში აქვს საზღვარი. დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ყველამ უბრალოდ წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ჩემს ადგილზე… ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?“, – თქვა ბაჩანა შენეგლიამ.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.
განათლების სამინისტროს განმარტებით, სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა. ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს. თუმცა საბჭომ დასკვნა არ გაითვალისწინა და ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.