weather cur horoscope tv
სექტემბერი 21, 2020

თეა წულუკიანი უღირსი ადამიანია, ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ – მაჩალიკაშვილი

15:39 ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 hits 1431

„თეა წულუკიანი უღირსი ადამიანია. ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ“, – ასე გამოეხმაურა პანკისში, სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა იუსტიციის მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფოს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩაუდენია.  

„თეა წულუკიანმა ის იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული? მან ის იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი? თეა წულუკიანმა ის იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე, მწოლიარე ბავშვი მომიკლეს? წულუკიანმა ის იცის, სანამ ის „ლიმონკა“ თელავიდან არ ამომიტანეს და ჩემს ხელში არ ჩადეს, მანამდე სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლანი სისხლის ზღვაში აცურავეს? თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი. თეა წულუკიანს მე ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გუშინ, 20 მარტს, პარლამენტში გამოსვლილსას თეა წულუკიანმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, სერგო რატიანის შეკითხვას უპასუხა. მინისტრის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ სახელმწიფომ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ, რომ ეს დამტკიცებული არ არის.

„თქვენ იძახით, ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცების გვარებს, ეს თქვენ დაადგინეთ თუ ვინ? ეჭვი არსებობს, კი ბატონო. მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა, თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით – ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს აქეთ-იქით. სხვა ნაკლები მოგვიძებნეთ, ყველას ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ არა ის, რაც არ გაგვიკეთებია“, – მიმართა სერგო რატიანს თეა წულუკიანმა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა, თუმცა მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არავინ არის პასუხისგებაში მიცემული.

მდენიმე თვის წინ მაჩალიკაშვილების ოჯახმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციას იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოდგილე იყო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნით 2018 წლის 10 სექტემბრიდან, თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მართავს. ის და პანკისის ხეობის მცხოვრებლები დეპუტატებს მოუწოდებენ, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან.

მაჩალიკაშვილის საქმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშშიც მოხვდა. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც სიცოცხლის თვითნებურ მოსპობას და სხვა უკანონო ან პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობებს ეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]