weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო ოსორაულის ძმის ვიდეომიმართვა – ჩემი ძმა დღემდე ტყვეობაშია, შევიკრიბოთ 7 ივლისს

23:57 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო მფრინავის სოსო ოსორაულის ძმა, გიორგი ოსორაული ვიდეომიმართვას ავრცელებს. გიორგი ოსორაულის განცხადებით, მისი ძმა დღემდე კონგოში ტყვეობაში იმყოფება. გიორგი ოსორაული ჯარისკაცებს, ვეტერანებს, პოლიციელებს, გულშემატკივრებს მოუწოდებს 7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისში, გმირთა მოედანზე შეიკრიბონ.

„მე ვარ გიორგი ოსორაული, პროფესიით მფრინავი.

ჩემი ძმა სოსო ოსორაული, რომელიც ასევე მფრინავია, დღემდე კონგოში იმყოფება ტყვეობაში. ესენი სოსოს ბავშვები არიან - რატი, ეკა, ლანა ოსორაულები, რომლებიც დღემდე მამის მოლოდინში არიან.

მინდა მოგმართოთ ყველას თხოვნით, ყველანაირი ტელე-ეთერების გარეშე, ყველანაირი პოლიტიკის გარეშე, მინდა მივმართო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს ვეტერანებს, რომლებიც 90-იანებში იბრძოდნენ, მინდა მივმართო ჩვენს პოლიციელებს, ყველას, ვისაც ფორმა აცვია, მინდა მივმართო მათი ოჯახის წევრებს, ვისი ახლობელი და ნათესავი საქართველოს ჯარისკაცად დაიღუპა, მივმართავ მთავრობის წევრებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ ყველას გვაერთიანებს სამშობლო, რომელსაც ჯარისკაცი იცავს. ამიტომ, გთხოვთ, 7 ივლისს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე, სანთლებით ხელში იქ, სადაც ჩვენი გმირების გვარებია ამოტვიფრული და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით.

თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, თუ არ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში, გმირთა მოედანზე იმ გვარებს გვერდით კიდევ ბევრი გვარი შეემატება. ამიტომ გთხოვთ, თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო, ჩვენი მდუმარე შეკრებით ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე ძვირფასია სამშობლოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ღვაწლის დასაფასებლად იმის განურჩევლად, ჯარისკაცი ცოცხალია თუ დაღუპული“, - აღნიშნავს გიორგი ოსორაული.

41 წლის სოსო ოსორაული კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში 6 თვის წინ ჩავარდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.

24 მაისს, ზუსტად იმ დროს, როცა ქვემო ალვანში თუშები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ხელისუფლებას სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ბრიფინგს სოსო ოსორაულის უმცროსი ძმა გიორგი ოსორაულიც ესწრებოდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მისი დადასტურება სთხოვა კონგოს მთავრობას, გაეროს, წითელ ჯვარს, მაგრამ არცერთი მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

5 ივნისს ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის ოჯახის წევრებს მიმართავს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა განაცხადა, რომ ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინ წინანდელია და ოსორაულთან კავშირი 13 მაისიდან გაწყდა.

ივნისში, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კონგოს რევოლუციური ორგანიზაცია „23 მარტის“ პოლიტიკურმა ლიდერმა ბერტრან ბისიმვამ დაადასტურა, რომ სოსო ოსორაული 13 ან 14 მაისს კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე აცხადებს, რომ 7 ივნისს, მათ გაეროს მისიისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 13 ან 14 მაისს ნამდვილად მოხდა შეტაკება და სოსო ოსორაული დაიღუპა.

თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ის სამხედრო მფრინავია, ვინც 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, 2-3 საათზე ბოლო გაფრენა შეასრულა და II ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან დაიხსნა. სპეციალისტების ინფორმაციით, ის მაღალი კლასის სამხედრო მფრინავია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]