მოსიაშვილის თქმით, მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც აბაზოვს განაცდურის მიღებაზე უარი ეთქვა, ჯერ არ ჩაბარებიათ.
„ჩვენი მოთხოვნა კანონთან შესაბამისობაშია. მოქმედი კანონმდებლობიდან ვითხოვთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის. იმ შემთხვევაში თუ მერია მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას, გავასაჩივრებთ შესაბამის ორგანოში“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
თემურ აბაზოვი ითხოვს 7 თვის ხელფასს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ვერ მიიღო. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რა საფუძვლით ამ დრომდე არ განმარტავენ.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ალახვერდიევს, რომელმაც 10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, მარნეულში დაბრუნების შემდეგ, მერმა საჯარო ბოდიში მოახდევინა, ცემა და სახე საკუთარი შარდით მოაბანინა. 14 ივნისს რუსთავის საქალაქო სასამართლომ თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
აბაზოვის განცხადებით, ის პროვოკაციის მსხვერპლია და ცილისწამებისთვის სასამართლოში იჩივლებს.
თემურ აბაზოვს მარნეულის მერის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე 2019 წლის თებერვალში შეუწყდა. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუსრულებია. დანაშაული, რომლის ჩადენაშიც აბაზოვია ბრალდებული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.