weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაზარალებულად ცნობაზე გენერალურმა პროკურორმაც უარი მითხრა – შენგელია

13:00 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემაც უარი უთხრა.

„გენერალურმა პროკურატურამ, უკვე ზემდგომი პროკურორის მეშვეობით ისევ უარი მითხრა საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჩართვაზე, რაც ნიშნავს, რომ არ გაგვაცნობენ საქმის მასალებს. ამის შემდეგ უნდა მქონდეს თუ არა გამოძიების იმედი? და მთავარი კითხვა, გვაქვს თუ არა სახელმწიფო საერთოდ? უარის დადგენილებას დღესვე ვასაჩივრებთ სასამართლოში, რადგან არის პარადოქსული და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებას“, – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

შენგელიამ გენერალურ პროკურორს 3 აპრილს, მას შემდეგ მიმართა, რაც დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურორისგან უარი მიიღო. პროკურატურამ მაშინ განმარტა, რომ ვიდრე ია კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი დაზარალებულად ცნოს.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ N6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დასკვნით, ინსპექტირების დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით იკვეთება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სავარაუდოდ, მოქმედებდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მათ მოქმედებებში დირექტორის დასჯის მიზანმიმართული ინტერესი იკვეთებოდა.

პროკურატურამ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

10 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]