weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ია კერზაიას შვილი: გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით

16:24 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი აცხადებს, რომ მისი დედის გარდაცვალების საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ბაჩანა შენგელიას თქმით, სანამ პროკურატურაში განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი არ გამოიკითხება, საქმის გამოძიებასა და ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია.

ბაჩანა შენგელია დღეს, გენერალურ პროკურატურაში საქმის მასალებს გაეცნო, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ გამოძიება მიმდინარეობს არასწორი გზით და არ არის ეფექტური ნაბიჯები გადადგმული, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ საქმეში, რომ მთავარი მოქმედი პირი, მიხეილ ბატიაშვილი არ არის გამოკითხული საქმეზე. ნაცვლად ამისა, არიან გამოკითხული ისეთი პირები, რომლებსაც დანაშაულზე პრაქტიკულად ვერ ექნებოდათ ინფორმაცია. მაგალითად, სკოლის დამლაგებლები, რაც აბსურდია“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე თქმით, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები არ არის ჩატარებული და საქმეში არ დევს კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები.

„ჩვენ დაგვრჩა ის განცდა, რომ პოლიტიკური მიმართულებით საერთოდ არ არის გამოძიება ნაწარმოები. მაგალითად, განცხადებებში და საჩივრებში, ასევე საქმის მასალებში ფიგურირებდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახაბერ ფარცვანია, რომელიც ქალბატონ ნათელა ხორგუანის განცხადებით, უშუალოდ ახდენდა პოლიტიკურ ზეწოლას. ეს ადამიანი გამოკითხულიც არ არის გამოძიების არცერთ ეტაპზე.

ყველა კითხვა, რომელიც იყო ამ საქმეში, დღემდე რჩება პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

მისივე თქმით, გუშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მეორედ მიიღო უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომელმაც,  შენგელიას განმარტებით, უნდა დაადგინოს,  ია კერზაიას ინსულტი უკავშირდება თუ არა სტრესს.  

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ია კერზაიას საქმის გაყალბებაში, მისი საქმის გამოუძიებლობაში ჩართულია მთელი სისტემა, მთელი სამთავრობო მანქანა და გუშინდელი პასუხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო“, – ამბობს ბაჩანა შენგელია.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ N6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დასკვნით, ინსპექტირების დაგეგმვის, ჩატარების და შედეგების გათვალისწინებით იკვეთება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სავარაუდოდ, მოქმედებდა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მათ მოქმედებებში დირექტორის დასჯის მიზანმიმართული ინტერესი იკვეთებოდა.

პროკურატურამ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო.

ბაჩანა შენგელია ითხოვდა, რომ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, პროკურატურას დაზარალებულად ეცნო, რაზეც ორჯერ მიიღო უარი. გუშინ 18 აპრილს, მას პროკურატურამ საქმის მასალების გაცნობა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესთავაზა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]