მალხაზ მაჩალიკაშვილი რვა თვის წინ პარლამენტთან, კარვებში დაწყებულ საპროტესტო აქციას აგრძელებს. ის არ გამორიცხავს, რომ დააკავებენ.
„ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ერთი წელია იმაზე მუშაობენ, როგორ გამანადგურონ, გამომამწყვდიონ ციხეში, როგორ გამაჩუმონ. მე ეს გავიფიქრე, ეს აზრი ბევრჯერ მომდის, მაგრამ მას ჩემს თავში ვკლავ და ვპოულობ ძალას. ამაზე არ ვარ წამსვლელი.
მე ვაინახი, ჩეჩენი, ქისტი კაცი ვარ. მე სახლში, ჩემს თვალწინ მომიკლეს შვილი, ერთადერთი ვაჟი. მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა. ამის მიუხედავად, საქართველოს ვცემ პატივს და ვცდილობ, კანონის ფარგლებში დავსაჯო ეს ადამიანები“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.
„დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს, ემუშავა მხოლოდ იოსებ გოგაშვილზე. სუს-მა სავარაუდოდ მათი საუბრის ფარული აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა.
„მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ნინო გიორგობიანის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სწორედ ამ საკითხზე გამოსაკითხად იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რაზეც მან უარი განაცხადა.
სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ამ თემაზე:
ორი თვის წინ გამწარების დროს ნათქვამის გამო დღეს ტერორისტს მეძახიან – მაჩალიკაშვილი