„რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც. მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა გოგაშვილმა.
7 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ამ ბრალდებას უარყოფს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხეს. მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.
მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან იოსებ გოგაშვილი ამოიცნეს.