weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტები 5-ჯერ შემცირდა – შსს

17:57 სამშაბათი, 14 მაისი 2019

„მას შემდგომ, რაც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, წინა წლის სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები შემცირდა ხუთჯერ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ერთი წლის წინ, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხებოდა.

„ამ საგამოძიებო მოქმედებებით, ჩვენ ვამხილეთ რვა ნარკორეალიზატორი, რომლებიც კლუბების შიგნით და ასევე, კლუბების მიმდებარედ, ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებას. დღევანდელი მოცემულობით რვავე ნარკორეალიზატორის მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. სწორედ ეს არის ის რეზულტატი და ის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ღონისძიებების შედეგად მივიღეთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

2018 წლის 12 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩაატარა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ნარკოტიკების 8 რეალიზატორი დააკავეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამის კლუბების გარეთ, სხვადასხვა ადგილებზე აიყვანეს.

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომლის მონაწილეებიც მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის რეფორმას ითხოვდნენ. აქციის მეორე დღეს რუსთაველის გამზირზე ნეონაცისტური და ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფები გამოჩნდნენ, რამაც ვითარება უკიდურესად დაძაბა. შს მინისტრმა თქვა, რომ უჭირდათ საპირისპირო აქციის მონაწილეების შეკავება, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს თავდასხმით ემუქრებოდნენ. ამასთან, შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის გამო და პირობა დადო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით ხელისუფლება მუშაობას გააქტიურებდა.

აქტივისტები, ვინც ერთი წლის უკან, პარლამენტის შენობის წინ აქციაში მონაწილეობდნენ, აცხადებენ, რომ შს მინისტრმა პირობა არ შეასრულა. სპეცოპერაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC). განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]