weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მომიწევს შენი დაცვა, რომ ვინმემ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს – მაჩალიკაშვილი გოგაშვილს

12:52 ოთხშაბათი, 15 მაისი 2019

ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, მე ისედაც მკვდარი ვარ,ასე უპასუხა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს.

„მე მომიწევს ახლა შენი დაცვა, რომ ვინმემ ტყვია შუბლში არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერზე დევს... შენ უნდა იცოცხლო და გახსნა ის კარტები, რომლებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დაამხობს“, – აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იოსებ გოგაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის სიცოცხლე, რის გამოც სამართალდამცველებს ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს.

„მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში“, – განაცხადა გოგაშვილმა.

7 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. უწყების მტკიცებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ამ ბრალდებას უარყოფს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხეს. მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან იოსებ გოგაშვილი ამოიცნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]