აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.
„მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.
მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
არსებული ინფორმაციით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 10 ჟურნალისტი დაშავდა. ამასთან დაკავშირებით ქარტიამ წუხელვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
პარლამენტთან გუშინ გამართული აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენეს. აქციის დარბევის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დარბევისას დაშავებული 240 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 102 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.