weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ნუ გვესვრი!“ – შს სამინისტროსთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ

13:06 პარასკევი, 21 ივნისი 2019

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტები აქციას ლოზუნგით „ნუ გვესვრი“ გამართავენ. აქციის მონაწილეები ამ ფორმით გააპროტესტებენ სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას, რასაც ადგილი ჰქოდა 21 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს.

აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

„მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე“, – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

არსებული ინფორმაციით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 10 ჟურნალისტი დაშავდა. ამასთან დაკავშირებით ქარტიამ წუხელვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორესპონდენტებს რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

პარლამენტთან გუშინ გამართული აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენეს. აქციის დარბევის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, აქციის დარბევისას დაშავებული 240 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 102 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]